ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა. ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ფაქტის შესახებ საუბრობს.
– მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, რისი გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ორი წლის ბავშვის ამ ქვეყნიდან წასვლა არის უმძიმესი ამბავი. რომ იტყვიან, ყველა გულგაპობილები ვართ, ვინც ამ ბავშვის მშობლებს ან ამ ბაგა-ბაღის აღმზრდელებს თუნდაც შორიდან იცნობს. ასეთ ტრაგედიაზე ლაპარაკიც კი ძალიან მძიმეა. იმედია ამ ტრაგედიაში წინასწარ არავის დაადანაშაულებენ. აღნიშნულ ბაგა-ბაღი თითქმის 10 წელიწადია მუშაობს ახალციხეში და ამდენ ხანს ვერ იმუშავებდა, გაუფრთხილებელი აღმზრდელები რომ ჰყავდეს. ერთხანს ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვიც კი დაჰყავდათ ამ ბაგა-ბაღში. ცხადია, არ მიიყვანდნენ, გაუფრთხილებლობის რაიმე ნიუანსი რომ დაფიქსირებულიყო.
– ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა, ამხელა ტრაგედიას თავისი მიზეზი აუცილებლად აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, დაძინებულთან აღმზრდელი მივიდა და გარდაცვლილი დახვდა.
– ჩვენ რაც ვიცით, ის ინფორმაციაა, რომ ბავშვს ბაგა-ბაღში მიყვანისთანავე მალევე აუწია ტემპერატურამ. რაც აღმზრდელებმა მაშინვე შეატყვეს. პარალელურად, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც. შესაძლოა, სანამ ესენი მოვიდოდნენ, ბავშვს ძალა გამოეცალა და აღმზრდელის ხელში ჩაეძინა. მაგრამ საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს გარდაცვალების მიზეზი რა იყო. ამ პატარა ანგელოზ ბიჭს რაიმე ინფექცია ჰქონდა თუ სხვა დაავადება. გამძლეობა მინდა ვუსურვო უპირველესად მის მშობლებს და ახლობლებს. არავის არასოდეს ვუსურვებ მსგავსი ტრაგედიის თუნდაც მოწმე გახდეს. ნათელი პატარას სულს.
წყარო: კვირის პალიტრა