მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელსაც არა მხოლოდ რადიკალები, არამედ კონკრეტული ევროჩინოსნებიც ავლენენ კონკრეტული ტელევიზიების, ტელეკომპანიების მიმართ, – განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპის დღეს, ტელეკომპანია „იმედზე“ ოპოზიციის თავდასხმასა და საელჩოების დუმილზე.
დავით მათიკაშვილის თქმით, როდესაც არ ხდება ბულინგის დაგმობა ევროკავშირის წარმომადგენლების, მათი საელჩოების მხრიდან, ეს არის ხელშეწყობა და წახალისება იმ მძიმე მოცემულობის, რასაც თავისუფალი მედიის, თავისუფალი ხმის ჩახშობა ჰქვია.
„მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელსაც არა მხოლოდ რადიკალები, არამედ კონკრეტული ევროჩინოსნებიც ავლენენ კონკრეტული ტელევიზიების, ტელეკომპანიების მიმართ. აქ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, „იმედზე“ უნდა ვისაუბროთ. როდესაც არ ხდება ბულინგის დაგმობა ევროკავშირის წარმომადგენლების, მათი საელჩოების მხრიდან, ეს არის ხელშეწყობა და წახალისება იმ მძიმე მოცემულობის, რასაც თავისუფალი მედიის, თავისუფალი ხმის ჩახშობა ჰქვია.
ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის დასაგმობი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ნეგატიურ, არასწორ ტენდენციებს, რომლებიც, სამწუხაროდ დღეს არსებობს ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა კრემლის ბენეფიციარმა ელენე ხოშტარიამ. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. ხოშტარიამ ჟურნალისტს რუსი უწოდა, „ქრონიკის“ კორესპოდენტმა კი მას შეახსენა, რომ რუსეთიდან თავად ფინანსდება.