რომის პაპმა ლეო XIV-მ არჩევის შემდეგ კარდინალებთან პირველი შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც მისი აზრით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და აღნიშნა, რომ ეს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
პაპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი პრობლემას უქმნის „ადამიანის ღირსების, სამართლიანობისა და შრომის“ დაცვას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესიამ საკუთარი სოციალური სწავლება უნდა გამოიყენოს, როგორც ახალ სამრეწველო რევოლუციასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე პასუხი.
ახალმა პონტიფექსმა ასევე განმარტა რატომ აირჩია სახელი ლეო – მისი თქმით, ის თავს პაპ ლეო XIII-სთან აიგივებს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 1878-1903 წლებში ხელმძღვანელობდა და ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში მუშათა უფლებებს იცავდა.
ლეო XIV რომის პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის კათოლიკური ეკლესიის პირველი ამერიკელი მეთაური გახდა.