აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტ პიტერ ალექსანდერსის შეკითხვამ, რომელიც კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ბოინგს ეხებოდა.
„ეს შესანიშნავი რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვა რამეზეც. ეს არის NBC, რომელიც ცდილობს იმ თემიდან გადახვევას, რაც თქვენ ახლახან ნახეთ“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე ტრამპს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს თეთრკანიანი ფერმერების გენოციდის შესახებ ვიდეოს აჩვენებდა.
„იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც საჭიროა რეპორტიორობისთვის. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, თვითმფრინავის გარდა, კატარი 5,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს აშშ-ში.
„თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან ბრაიან რობერტსი და ის ხალხი, ვინც იმ ადგილს მართავს, გამოძიებას საჭიროებენ. თქვენ სამარცხვინო ხართ. მეტი კითხვა თქვენგან აღარ იქნება“, – თქვა ტრამპმა.