ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დეპუტატ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიას.
მისივე თქმით, გარკვეულ პირებს უკვირთ, რატომ უჩივლა მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფისთვის 20 წლის ახალგაზრდებს.
„ამით ისინი ცდილობენ დაძაბონ კონკრეტული პოლიტიკოსი თუ დეპუტატი, მასზე რაღაც ფსიქოლოგიური გავლენა იქონიონ, მაგრამ მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობა ამას აკვირდება. ვნახეთ კადრები, რაც დიდი სიამაყით გამოფინეს – ქალბატონ ლაშხს, რომელიც ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, შეუვარდნენ. იქ რაც იკადრეს, სად არიან გაზრდილები – ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ეს არც მორალში ჯდება, არც – ადამიანობაში და არც – არანაირ ზნეობრივ სტანდარტებში. შემდეგ გამოდიან და უკვირთ, რანაირად უჩივლა მარიამ ლაშხმა 20 წლის ახალგაზრდებს. აბა, რა უნდა გაეკეთებინა?! რა თქმა უნდა, სამართლებრივად მიჰყვა თემას და ამისთვის არის სასამართლო, არსებობს პროკურატურა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.