რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსული მედიის ცნობით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.
როგორც მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, „მხარეებმა განიხილეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“.
რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ცნობისთვის, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული.