ვერ ვიტყოდი, რომ რამეს ვერ უზრუნველყოფდა, მაგრამ როგორც ჩანს გამკაცრება მიგრანტების მიმართულებით ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ არალეგალურად მყოფი ადამიანი რამდენიმე ათასი ფიქსირდება, -განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უკანონო მიგრაციის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, „ეს არის პრობლემა, რომელმაც უკვე დიდი ზიანი მიაყენა ევროპის ბევრ სახელმწიფოს“. მისივე განცხადებით, თუ არალეგალურია ადამიანის მიგრაცია საქართველოში, ის უფრო მკაცრი წესებით იქნება გაძევებული ქვეყნიდან.
„სხვათა შორის, ძალიან გაბერილი ციფრებია. არალეგალური მიგრანტების შესახებ ვიდეოს აუცილებლად შექმნი, თუ მათი თავშეყრის ადგილზე მიხვალ და ვიდეოს გადაიღებ. ეს არის უტრირებული, გაბერილი ამბავია, თუმცა, რეალურადაც ეს პრობლემა დღის წესრიგში დგება. ეს არის პრობლემა, რომელმაც უკვე დიდი ზიანი მიაყენა ევროპის ბევრ სახელმწიფოს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ტიპის ზიანი, თუნდაც, ერთი პროცენტითაც ჩვენს სახელმწიფოს მიადგეს. ჩვენ, ქართველებმა, მსოფლიოში ყველაზე კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის ფასი. დიდი სიხარულით, დიდი სიყვარულით ვიღებთ ნებისმიერი ეთნოსის სტუმრებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი.
თუ არალეგალურია ადამიანის მიგრაცია საქართველოში, ის უფრო მკაცრი წესებით იქნება გაძევებული ამ ქვეყნიდან და გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენ არ დაგვემართება ის, რაც სამწუხაროდ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას უკვე დაემართა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შემიძლია დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომელიც ამაზე წუხს, რომ არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩვენი მაცხოვრებლებისგან მათი აზრებისგან, მათი განწყობებისგან დამოუკიდებლად ვიღაც დომინანტი გახდება 10-20 წლის შემდეგ, ასეთი რისკი არ იარსებებს, ამას ჩვენ გადავაზღვევთ ბოლომდე. სტუმარს ერქმევა სტუმარი და რა თქმა უნდა მივიღებთ ბევრ სტუმარს, ბევრ ტურისტს, მაგრამ უკანონო მიგრაციის მიმართ ვიქნებით აუცილებლად მკაცრები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.