უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად.
„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ უნგრეთში თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან, ამას ძალიან აფასებს ქართველი ხალხი.
უნგრეთი არის და რჩება ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად. ჩვენთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უნგრეთისგან, პირადად თქვენგან ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად. ამისთვის თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და თქვენს მთავრობას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.