ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან, შინაარსიანი და ნაყოფიერი განხილვა შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
„ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათი, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობაზე და გამოვხატე მტკიცე რწმენა, რომ აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ჩვენს საკანონმდებლო ჰარმონიზაციას საერთო წარმატების მისაღწევად,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.