ბრიტანეთის ელჩს ან წარმოდგენა არ აქვს ვისზე გაიცემა დაფინანსება, ან იცის და მაინც გასცემს, მაშინ ეს არის რადიკალიზმისა და პროპაგანდის შეგნებულად დაფინანსება, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომელიც საგრანტო წინადადებების გაუქმებას ეხება.
„ჩვენი აღშფოთება რამაც გამოიწვია, იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ ის კონკრეტული ორგანიზაციები, ვისზეც აპირებდნენ ამ თანხების გაცემას. მე ძალიან მიკვირს რატომ არიან გაკვირვებულები ბრიტანეთის საელჩოში. ორი ვარიანტია, ან ბრიტანეთის ელჩს წარმოდგენა არ აქვს ვისზე გაიცემა დაფინანსება, ან იცის და მაინც გასცემს. მაშინ ეს არის შეგნებულად რადიკალიზმისა და პროპაგანდის დაფინანსება“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.