ძალიან აქტიურად ხდებოდა სამართლებრივი საქმეების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ, პირიქით – ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს იყო სამართლებრივი საქმეების პოლიტიზება. მერაბიშვილის საქმის პოლიტიზებას ახდენდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც ბრიუსელში დადიოდნენ ევროპარლამენტში და ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, პირობითობა ჩადეთ რეზოლუციებში, რომ თუ მერაბიშვილი გარეთ არ გამოვა, თუ არ იქნება ეს სამართლებრივი საქმეები სხვანაირად გადაწყვეტილი, საქართველო ასოცირების შეთანხმებას ვერ მოაწერს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია აქტიურად ლობირებდა, რომ საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე ხელი შეეშალათ და ამის საფუძველი ვანო მერაბიშვილის და სხვა მსგავსი სამართლებრივი საქმეები გამხდარიყო. მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციაში მყოფი ოპოზიციონერების დღის წესრიგი ძირითადად იყო ის, რომ ეჩვენებინათ, თუ როგორი მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთისთვის.
„ეს ხდებოდა 2014 წლამდე, 2013 წელს, როდესაც, ძალიან კარგად გვახსოვს, რა პირობებში ხდებოდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე გადაწყვეტილების მიღება. ეს არ იყო მარტივი გეოპოლიტიკური მოცემულობა: მაშინ ოთხ ქვეყანასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, სომხეთმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, შევიდა ევრაზიულ კავშირში. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე, სწორედ ამ პერიოდში ლობირებდნენ აქტიურად, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და მერაბიშვილის და სამართლებრივი საქმეები გამხდარიყო ამის საფუძველი და მიზეზი, რის გამოც, საქართველო შეიძლებოდა გვერდით გადაწეულიყო- ამას აკეთებდნენ.
დელეგაციაში ვინც იყვნენ, ყველა აქტიურად მუშაობდა, კანდელაკის სახელი არაერთხელ გაჟღერდა და ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად დადიოდა და ლობირებდა, სამადაშვილიც ყოველთვის აქტიურობდა ამ პროცესებში, ბოკერიაც იყო, ბევრნი იყვნენ, ვინც დადიოდნენ ბრიუსელში და მათი დღის წესრიგი ძირითადად იყო, რომ როგორღაც გაჩენილიყო შემაფერხებელი გარემოებები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გადასავადებლად, დროში გასაწელად, რომ შემდგომ ეჩვენებინათ, როგორი მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთისთვის. ეს დღის წესრიგი არ შეცვლილა, ყოველთვის იყო ამ წლების განმავლობაში და სხვდასხვა დოზით აქტიურდებოდა, განსაკუთრებით აქტიური არის ახლა, 2024 წლის არჩევნებამდე განსაკუთრებით გააქტიურდა.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.