მათი [ოპოზიციის] ყველა მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს რაიმე სარგებელი არ მიეღო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ქმედებებისთვის, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს მათ შესაბამისი პასუხი გასცა.
„იგივე იყო ზუსტად კანდიდატის სტატუსზე, იგივე იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ როგორმე ხელი შეეშალათ წინსვლისთვის და წარმატებისთვის. მათი ინტერესია ქვეყნის უკან დახევა და არა წინ წაწევა, შესაბამისად, პასუხიც მიიღეს 26 ოქტომბერს, როდესაც არჩევნები ჩატარდა – ქართველმა ხალხმა გასცა მათ ქმედებებს პასუხი. ამ ქმედებების შემდეგაც ზუსტად იგივე ვიხილეთ: პარლამენტში არ შემოსვლა, სხვადასხვა ქვეყნებში სიარული, ჩვენი ქვეყნის გაშავება, ადამიანების დასანქცირების მოთხოვნა და ასე შემდეგ. ისეთი ადამიანები ვიხილეთ დასანქცირებული, მაგალითად ლაშა ტალახაძე. რა დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ლაშა ტალახაძეს იმის გარდა, რომ ქვეყანა ასახელა, და წინ წაწია. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ როგორმე ადამიანებს ხელი შეუშალონ, ქვეყნის საკეთილდღეოდ რაიმეს კეთებისთვის და ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი იყო, თუ რომელიმე ქართველ ადამიანს შეეძლო ასეთი ბოროტების გაკეთება თავის ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება შენი ვიწრო ინტერესებიდან გამოდიოდე, იმისთვის აკეთებდე ამ ყველაფერს, რომ შენი ინტერესები წინ წაწიო და ამით შენი ქვეყანა შეიძლება ძალიან დიდი ხნით აზარალო და დიდი უბედურება მოუტანო“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
ამასთან, ვარლამ ლიპარტელიანი გამოეხმაურა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ევროპარლამენტარების განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
„ხელისუფლების პასუხი არის ძალიან მარტივი და ნათელი: არანაირი ფაქტი, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ოფიციალურად ვინმემ ეს დაამტკიცოს და თქვას, რომ ჩვენ რაიმე კურსიდან გადაუხვიეთ. პირიქით, ჩვენი კარი ღიაა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთან საქართველოს ევროპულ მომავალზე. რუსეთთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. უბრალოდ გაკერებენ რაღაცა სახელს, ბულინგის ენით საუბრობენ ამ ყველაფერზე. ხარ ხან რუსი, ხან ირანელი, ხან ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე საზოგადოებას შეუცვალონ აზრი, დათესონ სიძულვილის და ბოროტების ენა, მაგრამ ეს შედეგს ვერ გამოიღებს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ძალიან ბრძენია და ძალიან კარგად აცნობიერებს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, რა მიმართულებით მიდის და რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა არის ყველაზე გონივრული, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ რეგიონში რა ხდება, როგორი რთული სიტუაციაა ყველგან და მე ვფიქრობ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რასაც ჩვენი ხელისუფლება იჩენს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ ყველა იმ მიზანს, რაც არის დასახული“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.