დიდი ხანია, შევეჩვიეთ, რომ უცხოელი პოლიტიკოსები, გარკვეული ინტერესების, ლობიზმის თუ გადახდილი ფინანსების შესაბამისად, უსამართლო განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს“.
„შაჰინი და მისი კოლეგები როცა ხედავენ, როგორ აპატიმრებენ და უხეშად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს დონალდ ტრამპის კანონთან დაკავშირებით და იდენტურ საქციელზე ჩვენ გვაკრიტიკებენ, დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, ამ განცხადებას ვერც ობიექტურად და ვერც სამართლიანად ვერ ჩავთვლით. დიდი ხანია, შევეჩვიეთ, რომ უცხოელი პოლიტიკოსები, გარკვეული ინტერესების, ლობიზმის თუ გადახდილი ფინანსების შესაბამისად, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. ეჭვი მაქვს, რომ ახლაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – განუცხადა ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს.