მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტმა საქართველოში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ყოფილ მერს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი. ის თვლის, რომ საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე ბევრად უკეთესად იგრძნობს თავს მომავალში.
მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ვიზიტის დროს, სოფელ ქანდაში, 13 ასურელი მამის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები “ფეისბუქის” პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემაც გაავრცელა.
ამ საკითხზე მამა სერაფიმეს “პრესა.ჯი” ესაუბრა:
„ეკლესიის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა, ეს აჟიოტაჟი, რომელიც მისმა ვიზიტმა გამოიწვია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ იყო დაგეგმილი. მე არ ვემხრობი ლუჟკოვის პოზოციას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა ეკლესიაში შესვლას და წირვაზე დასწრებას ვერავის ვერ ავუკრძალავ. ჩვენი შეხვედრა არ იყო დახურული, იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომელთაც შეეძლოთ ჩვენი საუბარი გაესაჯაროვებინათ, თინა ხიდაშელსაც კი, რომელიც ეკლესიას ემტერება და ვიტყოდი, რომ ამით ემტერება სამშობლოსაც, მასაც კი ვერ ავუკრძალავ ეკლესიაში მოსვლას. თუკი მე შევცოდე და რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, ამის გამო შენდობას ვითხოვ“, -განაცხადა მამა სერაფიმემ “პრესა.ჯი”-სთან საუბარში.