მადლობა რასა იუკნევიჩიენეს და ყველა ევროპარლამენტარს, რეზოლუცია, უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს ჩემს გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ის ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„მადლობა რასა იუკნევიჩიანეს და ყველა ევროპარლამენტარს, ვინც ხმა მისცა რეზოლუციას. რეზოლუცია გმობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომელმაც საქართველო გადაიყვანა ევროპის გზიდან და დააახლოვა რუსეთთან, მის მოკავშირეებთან. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2003-2012 წლებში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სათავეში ყოფნის დროს გზა გაუკვალა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში! გმობს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მიაჩნია, რომ მომავალი ე.წ. არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. არჩევნებისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია. რეზოლუცია, უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა: „ვიყენებ შესაძლებლობას, რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც აქ იმყოფებიან და გვისმენენ, ასევე ევროპულმა მედიაორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობას, ჟურნალისტისას, რომელიც ციხეშია. მას სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს, არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა”.