ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ურთიერთობის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები ძალიან ინტენსიური და მრავალმხრივია, რაც გამოიხატება წლიდან წლამდე მზარდ სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც, მათ შორის, აღსანიშნავია ექსპორტ-იმპორტის, სატრანსპორტო გადაზიდვების, ტურიზმის, საჰაერო-სამგზავრო გადაყვანების, ელექტროენერგიით ვაჭრობის მზარდი დინამიკა და ზოგადად, ის ტენდენციები, რაც ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფოს როლს.
მარიამ ქვრივიშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც საქართველო-თურქეთის სამთავრობო და კერძო ბიზნესწრეების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს, მათ შორის, განიხილეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის, ასევე თურქეთის ვაჭრობის მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმის გამართვის საკითხები, რომელშიც ორივე ქვეყნის 300-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
თურქეთის ელჩმა მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო, თურქეთის შესაბამის უწყებებთან ერთად კვლავ მაქსიმალურ ძალისხმევას მოახმარს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე განვითარებას.
თურქეთის ელჩთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, გივი ზედელაშვილი ესწრებოდნენ.