აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოცემა The Wall Street Journal-სა და მის მფლობელს, რუპერტ მერდოკს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. ტრამპის ადვოკატებმა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი წარადგინეს Wall Street Journal-ის მფლობელი კომპანიის Dow Jones-ის და მისი მფლობელის რუპერტ მერდოკის წინააღმდეგ.
საქმე ეხება მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ 2003 წელს დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს 50-ე დაბადების დღეზე უხამსი შინაარსის მისალოცი წერილი მისწერა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წერილი ყალბია.
„ჩვენ ახლახან შევიტანეთ ძლიერი სარჩელი ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო ყალბი, მავნებლური, ცილისმწამებლური, ყალბი „სტატიის“ გამოქვეყნებაში უსარგებლო „ნაჭერში“ სახელწოდებით The Wall Street Journal. ვიმედოვნებ, რომ რუპერტი და მისი „მეგობრები“ მოუთმენლად ელოდებიან ამ საქმეზე მრავალსაათიანი ჩვენებების მიცემას“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუპერტ მერდოკი და გამოცემა გაფრთხილებული იყვნენ, რომ სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში მათ სასამართლოში უჩივლებდნენ, რადგან წერილი, რომლის შესახებ სტატიაშია საუბარი, ყალბია.
კომპანია Dow Jones-ის პრესსპიკერმა „ბიბისის“ განუცხადა: „ჩვენ სრულად დარწმუნებულები ვართ რეპორტაჟის სიზუსტეში და სიმტკიცით დავიცავთ თავს ნებისმიერი სარჩელისგან“.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მისალოცი ალბომი, რომელიც შეიცავს ტრამპის მილოცვასაც, 2003 წელს არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის 50-ე დაბადების დღისთვის მისმა მეგობარმა, გისლეინ მაქსველმა შეაგროვა. 2022 წელს მაქსველს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოზარდი გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციასთან კავშირისთვის.
მედიასაშუალების მტკიცებით, ტრამპის სავარაუდო მისალოცი გზავნილი შეიცავს დაბეჭდილ ტექსტს, რომელსაც გარშემო ხელით, მარკერით დახატული ქალის შიშველი სხეულის კონტური აკრავს. სავარაუდოდ ტრამპის მილოცვა მთავრდება ფრაზით: „დაბადების დღეს გილოცავ და დაე, ყოველი დღე იყოს კიდევ ერთი შესანიშნავი საიდუმლო“.
„ეს არ არის ჩემი სიტყვები, მე ასე არ ვსაუბრობ. ასევე, მე არ ვხატავ ნახატებს“, – აღნიშნა ტრამპმა გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.
ამასთან, იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართა. უწყება აცხადებს, რომ საქმის მასალები, რომლებიც ათობით გოგონას სექსუალურ ტრეფიკინგს უკავშირდება, საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ შეიცავდა.