რუსეთის ძალებმა ხარკოვის ცენტრზე საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 33 ადამიანი.
ერთ-ერთი დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან განხორციელდა. განადგურდა 15 ავტომობილი, ასევე დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
„სრულიად უაზრო დარტყმები, ყოველგვარი სამხედრო სამიზნის გარეშე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის ერთადერთი სურვილი, გააგრძელოს აგრესია და მკვლელობები. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა თავდაცვაში – ძლიერი საჰაერო თავდაცვა, იარაღის წარმოების გაფართოება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სიცოცხლის დაცვას. ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს და მადლიერები ვართ ყველასი, ვინც უკვე მზად არის დახმარებისთვის“, – წერს ზელენსკი.