პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით ილჰამ ალიევის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ალიევმა ოფიციალურად უარი თქვა მხოლოდ ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი განავითარებს ტრანსპორტულ კავშირებს ნახიჩევანთან სომხეთის გავლით, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, ექსტერიტორიული მოთხოვნების გარეშე“, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების პოპულისტური განხილვა მოჰყვა, თითქოს ალიევი ზანგეზურის პროექტს აუქმებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი დეტალურად ხსნის, თუ რას ნიშნავს ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადება და რატომ ამბობს ის უარს ტერმინზე „ზანგეზურის დერეფანი“.
„ვინაიდან უკვე დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების შულერულ-პოპულისტური განხილვა (ალიევმა ზანგეზური გააუქმა!), მოვიმარაგოთ „ცივი წყალი“ და შევთავაზოთ მსურველებს გამოსაფხიზლებლად. დავიწყოთ იმით, რა თქვა ალიევმა: „ზანგეზურის დერეფანი აღარ იარსებებს. ჩვენ ამ ტერმინს აღარ ვიყენებთ. ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე გაივლის სომხეთის ტერიტორიას“.
ასე რომ, ალიევმა ოფიციალურად უარი თქვა მხოლოდ (!) ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი განავითარებს ტრანსპორტულ კავშირებს ნახიჩევანთან სომხეთის გავლით, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, ექსტერიტორიული მოთხოვნების გარეშე. აი, რას ნიშნავს ეს:
უარი ეთქვა კონფრონტაციულ რიტორიკას – ტერმინი „დერეფანი“ მკვეთრ უარყოფას იწვევდა სომხეთში, ირანსა და რუსეთში, რადგან იგი გულისხმობდა აზერბაიჯანის ექსტერიტორიულ კონტროლს ამ პროექტზე. ამ ტერმინზე უარის თქმა, მცდელობაა შეამციროს რეგიონული დაძაბულობა.
ეს არის ახალი დიპლომატიური სვლებისთვის მზადყოფნის სიგნალი: ალიევი აჩვენებს, რომ ბაქო მზად არის სატრანსპორტო თანამშრომლობისთვის, მაგრამ აღარ მოითხოვს „დერეფანს“, როგორც ექსკლუზიური კონტროლის მექანიზმს. ეს ამარტივებს მის მოლაპარაკებებს ერევანთან, საერთაშორისო შუამავლობის ფარგლებში.
ნახიჩევანთან დაკავშირების შესაძლო ტაქტიკურ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ, უბრალოდ
აზერბაიჯანი ამას „სატრანსპორტო მარშრუტების“ ფორმულირებით შეეცდება, რათა არ გააღიზიანოს მეზობელი ქვეყნები.
ამით ხდება საერთაშორისო ინვესტიციებისთვის სივრცის გახსნა – პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტერმინზე უარის თქმით, შესაძლებელი ხდება აშშ-ის, ევროკავშირის ან არაბული ქვეყნების მონაწილეობის მიღება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, უკვე როგორც ნეიტრალურ ეკონომიკურ ფორმატში და არა გეოპოლიტიკური დებატების სივრცეში.
ასე რომ, ალიევმა კი არ უარყო პროექტის არსი – მან უბრალოდ შეცვალა ტერმინოლოგია, რათა შეამციროს კონფლიქტის რისკები, გააძლიეროს მოლაპარაკების პოზიციები და გაზარდოს სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ლეგიტიმაცია სომხეთის რეგიონ სიუნიქის გავლით. ასე რომ, რიყეზე არც „გამარჯვების კონცერტია“ ჩასატარებელი და არც „40-დღიანი გლოვაა“ გამოსაცხადებელი. ვერც ერთ ვარიანტში ამ ალტერნატიული პროექტის განხორციელება ვერანაირ დარტყმას ვერ მიაყენებს საქართველოს როლსა და ადგილს საერთაშორისო სატრანზიტო, ენერგეტიკულ თუ ტექნოლოგიურ პროექტებში“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ვინაიდან უკვე დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების შულერულ-პოპულისტური განხილვა (ალიევმა ზანგეზური…
Posted by David Kartvelishvili on Friday, July 25, 2025