უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა 24 ივლისს აცნობა უკრაინის მთავრობას, რომ კიევის ფინანსურ დახმარებას სრულად აჩერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის მთავრობაში, დიპლომატიურ წრეებსა და უმაღლეს რადაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია გამოცემას ევროკავშირის სტრუქტურებშიც დაუდასტურეს.
ამის მიზეზად სახელდება უკრაინის რადას მიერ 22 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, ფაქტობრივად, გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.
მედიის ცნობით, უპირველეს ყოვლისა, საუბარია საგანგებო შემოსავლების დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინას წლის ბოლომდე 20 მილიარდი ევრო უნდა მიეღო.
ასევე გაყინულია კრედიტები, რომლებიც კიევს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა და ევროპული საინვესტიციო ბანკისგან უნდა მიეღო.
როგორც მედია იუწყება, ანალოგიური ბედი, შესაძლოა, ეწიოს დაფინანსების კიდევ ერთ მექანიზმს – Ukraine Facility-საც. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ამ მექანიზმის ფარგლებში უკრაინა შემდეგი ტრანშის სახით, დაპირებული 4.5 მილიარდი ევროს ნაცვლად, 3.05 მილიარდს მიიღებს.
ამის მიზეზი ისაა, რომ კიევმა კვლავ არ დაასრულა სამი რეფორმა. ერთ-ერთი მათგანი არის დეცენტრალიზაცია, მეორე – აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს რეფორმა და მესამე უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა.
უკრაინის უმაღლეს რადაში აცხადებენ, რომ მთავრობამ აპრილი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის 11 მოთხოვნიდან მხოლოდ ხუთი შეასრულა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა უკვე წარუდგინა რადას საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც, ზელენსკის თქმით, უნდა აღადგინოს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა. ამ კანონპროექტს რადა 31 ივლისს უყრის კენჭს.