„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის – უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ“. თინა ბოკუჩავამ კი ხაბეიშვილს უპასუხა, რომ „რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს“. კითხვაზე, ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ ადასტურებს იმას, რომ „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს უკვე საჯაროდაც აღარ ინდობენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ არსში დაპირისპირება არ არის, თარიღების ტაქტიკა აქვთ, შესაძლოა სხვაგვარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერი გამოვიდა და დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა მათი მიზანი. ორივე ლიდერმა ეს დაადასტურა.
ახლა ამ პარტიას ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები აქ – თავის ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, ამას არ უშვებს საქართველო. ეს იყო სწორედ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ყველა ამ ქართველისა და უცხოელისთვის, ვინც აქ ქუჩის ომების მოწყობას გვიპირებდა. ვნახეთ, ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან, დეკემბერში, როდესაც მაშხალები დაიჭირეს ხელში და ლამის ტყვიამფრქვევივით ესროდნენ პოლიციელებს. ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ დღისით, სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე! დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის, მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტს და თავს ესხმოდნენ პოლიციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.