აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1 აგვისტოდან ის ინდოეთს 25-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, რადგან ოფიციალური დელი რუსეთისგან სამხედრო შეიარაღებასა და ენერგომატარებლებს ყიდულობს.
„იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ მასთან მცირე ბიზნესს ვაწარმოებდით, იმიტომ რომ მათ მაღალი ტარიფები აქვთ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში და მათ ყველაზე მკაცრი და უსიამოვნო არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ. გარდა ამისა, ისინი საკუთარი სამხედრო ტექნიკის უმეტესობას ყოველთვის რუსეთისგან ყიდულობდნენ. ინდოეთი ჩინეთთან ერთად რუსული ენერგომატარებლების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ამასობაში ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობა შეწყვიტოს – ეს ცუდის მანიშნებელია! ამრიგად, 1 აგვისტოდან ინდოეთი 25% ოდენობის ტარიფებსა და ამ ყველაფრისთვის ჯარიმას გადაიხდის“, – დაწერა ტრამპმა.
მოგვიანებით თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ს ინდოეთთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს.