უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული უწყებების საქმიანობის შესახებ ახალ კანონს, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა რადამ დღეს მიიღო, ხელი მოაწერა.
„ეს არის ანტიკორუფციული ორგანოების, ჩვენი სახელმწიფოს მართლმსაჯულების ყველა ორგანოს ნორმალური, დამოუკიდებელი მუშაობის გარანტია“, – განაცხადა ზელენსკიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე კანონის ხელმოწერის შემდეგ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ქვეყნის მთავრობა „დაუყოვნებლივ ამცნობს უკრაინის პარტნიორებს“ კანონის მიღებას.
ცნობისთვის, 22 ივლისს უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სკანდალური კანონპროექტი, რომლითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურატურას დაუქვემდებარა. კანონს ხელი ზელენსკიმ მოაწერა. გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. კიევი მწვავედ გააკრიტიკეს დასავლელმა პარტნიორებმაც.
მოგვიანებით ზელენსკიმ დეპუტატებს კანონპროექტის ახალი ვერსია შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც, როგორც მან განმარტა, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა დაუბრუნდება.