პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს.
მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარლამენტარებსა და მინისტრებს, თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის წევრებს.
მივესალმები ჩვენი ღონისძიების ღრმად პატივცემულ სტუმრებს.
მივესალმები ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს.
მივესალმები საზოგადოებას, ჩვენს თანამოქალაქეებს.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი – კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმატებები კახა კალაძეს!
კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე.
დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში. მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში გასული ოთხი წლის განმავლობაში შეიტანეს.
დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი – თბილისი, იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
მეგობრებო, ახლა კი, სცენაზე მინდა ვთხოვო ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს, თბილისის მერობის კანდიდატს, ბატონ კახა კალაძეს“, – აღნიშნა კობახიძემ.