გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალასკაზე შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეთავაზებას სერიოზულად მოეპყრობა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყებს.
„უკრაინაზე თავდასხმიდან სამ წელიწადნახევარში, რამაც საერთაშორისო სამართალი დაანგრია, რუსეთს დღეს აქვს შესაძლებლობა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და საბრძოლო მოქმედებები დაასრულოს“, – ნათქვამია მერცის განცხადებაში.
„ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მოეპყრობა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას და ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან ყოველგვარი პირობების გარეშე მოლაპარაკებებს დაიწყებს“, – დასძინა გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ.
მერცის თქმით, მიზანი უნდა გახდეს სამიტი, რომელშიც მონაწილეობას აგრეთვე მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება. ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უკრაინელების თანხმობის შემთხვევაში შეიძლება. ჩვენ ეს მკაფიო გზავნილი ტრამპს, როცა ის ანკორიჯში მიემგზავრებოდა, გადავეცით“, – წერს მერცი.