პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ალასკაზე, ანქორიჯთან ახლოს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ფაქტია, რუსეთმა შეძლო უკრაინის ომში მისი “უდანაშაულობის” ამერიკისგან აღიარება და უფრო მეტიც, საკუთარი თავისთვის კიდევ უფრო მეტი ფასის დადება. ეს მისი პოლიტიკური გამარჯვებაა. ” – წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ძალების ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე ტრამპის პოლიტიკური გამარჯვება, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მისი აღიარებაა, რაც ნიშნავს, რომ ისტორიაში მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად დარჩება.
ექსპერტი იმ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე წერს, რაც ამ შეხვედრაზე განიხილეს და რისი საწყისიც უკრაინის ომის გაყინვა ან შეჩერება უნდა იყოს. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ალასკაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი ძირითადი არ იყო, თუმცა ომის გაყინვისა ან შეჩერების გარეშე ამ შეხვედრაზე განხილული პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების განხორციელება შეუძლებელია.
„ალასკაზე ისტორიული შეხვედრა დასრულდა. ყველაზე ხილული შედეგი რაც იყო, არის ის, რომ პუტინმა სრული რეაბილიტაცია მიიღო, ტრამპმა სასურველი მშვიდობისმყოფელის აღიარება. აქედან იწყება პროცესები. დანარჩენს მოკლე ვადაში გავიგებთ უკვე მათი ქმედებებიდან და მსოფლიოს სხვა ლიდერების განცხადებებიდან. თუმცა, ალასკის ისტორიულ შეხვედრაზე იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც.
ამ შეხვედრის მთავარი თემა რომ უკრაინა არ იყო, მათი განცხადებებიდანაც ჩანდა. ორივესთვის უფრო სხვა გარიგება იქნებოდა მნიშვნელოვანი და როგორც ჩანს, ამისკენ ნაბიჯი გადადგეს. უბრალოდ, უკრაინის ომის დასრულების გარეშე ის “სხვა” ვერ მიიღწევა. ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაზე კიდე განიხილავს მხარეებთან. ბუნებრივია, აქ დაისვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხიც. რუსეთისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია, რაზეც ტრამპი წინააღმდეგი არ წავიდოდა. სავარაუდოდ, ეს შეთანხმება შედგებოდა ალიანსის წევრების გარეშეც. ფაქტია, რუსეთმა შეძლო უკრაინის ომში მისი „უდანაშაულობის” ამერიკისგან აღიარება და უფრო მეტიც, საკუთარი თავისთვის კიდევ უფრო მეტი ფასის დადება. ეს მისი პოლიტიკური გამარჯვებაა.
რა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო ტრამპმა? მისთვის მთავარია მსოფლიოს ისტორიაში დარჩეს მშვიდობისმყოფელის სტატუსით და მან ეს შეძლო. პუტინმა აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა. ტრამპი აუცილებლად დაასრულებს უკრაინის ომს ან კონფლიქტის გაყინვით ან შეთანხმებით. ეს ჯერ კიდევ დროს მოითხოვს, თუმცა, მისი განცხადებიდან ჩანს, რომ ეს რეალურია.
ასევე, საუბარი იქნებოდა ირანზე და ბირთვულ შეიარაღებაზე. ბირთვული შეიარაღების გადატვირთვაც ტრამპის საიმიჯო პროექტია.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, თუკი მხარეები პოლიტიკურად თანხმდებიან და იწყებენ თანამშრომლობას, ეკონომიკურ საკითხებზეც უკვე ადვილია ვაჭრობა. აქ მთავარია არქტიკა, როგორც რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პროექტი. ვაშინგტონი მოსკოვთან არქტიკაში თანამშრომლობას განიხილავს, როგორც რუსეთ-ჩინეთის კავშირების შესუსტების შესაძლო გზას. რუსეთს კი ჩინეთთან უკვე აქვს მყარი კავშირები. ეს საკითხი ნამდვილად იწვევს ინტერესს, რამეთუ გლობალურ პოლიტიკას უკვე მესამე მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე ჰყავს ჩინეთის სახით.
და აქ აუცილებლად იქნებოდა საუბარი ბრიქსზე, რაც ასე ძალიან აშინებს ამერიკას და რაც ასე ძალიან აძლიერებს რუსეთს. რა შეთანხმებას მიაღწიეს ამ საკითხში, ან მიაღწიეს თუ არა, ამას უმოკლეს ვადაში გავიგებთ მიმდინარე მოვლენებით და განცხადებებით. ფაქტია, ბრიქსი უკვე ფუნქციონირებს და მისი შეჩერება შეუძლებელია. როგორ შეძლებს ტრამპი ბრიქსისგან აშშ-ზე ნეგატიური ზეგავლენისგან თავის დაღწევას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა.
გუშინდელი ისტორიული შეხვედრის ყველაზე დიდი ინტრიგა – 3 საათიანი საუბარი, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობდნენ (მათ შორის რუსეთშიც და ამერიკაშიც), რომ შეხვედრა 7-8 საათი გაგრძელდებოდა. აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ არა მხოლოდ ის, რომ მხარეებმა წინასწარ იცოდნენ საკითხები და კარგად მომზადებულნი მივიდნენ, არამედ ისიც, რომ სავარაუდოდ რუსეთმა რამდენიმე საკითხზე ჩინეთთან შეთანხმების გარეშე არ ისაუბრა. ბუნებრივია, რუსეთ-ამერიკას შორის უკვე მყარად დგას ჩინეთი და ის არის ანგარიშგასაწევი ძალა. თუკი კარგად გავაანალიზებთ მათი განცხადებების უსიტყვო მხარეს პრესკონფერენციაზე, ადვილი მისახვედრია, რომ გლობალურ პოლიტიკას მხოლოდ რუსეთ-ამერიკა ვეღარ იყოფენ. აქ ადგილი უნდა დაუთმონ ახალ ლიდერსაც.
და ბოლოს, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, იქნებოდა თუ არა საუბარი სამხრეთ კავკასიაზე და კონკრეტულად, საქართველოზე? რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია მათი საუბრის ერთ-ერთი თემა აუცილებლად იქნებოდა, მითუმეტეს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ამერიკაში გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ. აქ კი საქართველოს, როგორც რეგიონის ეპიცენტრს, გვერდს ვერ აუვლიდნენ. ჩვენთან დაკავშირებით ალბათ სხვა თემაზეც იქნებოდა საუბარი, რასაც ასევე უმოკლეს ვადაში გავიგებთ,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ალასკაზე ისტორიული შეხვედრა დასრულდა. ყველაზე ხილული შედეგი იყო ის, რომ პუტინმა სრული რეაბილიტაცია მიიღო, ტრამპმა…
Posted by Tamari Chiburdanidze on Saturday, August 16, 2025