აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს სათავეში ჩაუდგება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრის დროს მიიღეს. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე მრჩევლები და ნატოს წარმომადგენლები.
ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები ოთხი კომპონენტისგან შედგება: სამხედროების ყოფნა უკრაინაში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, შეიარაღება და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
მათი თქმით, არსებობს მრავალი გზა, რითაც აშშ-ს შეუძლია ევროპელ მშვიდობისმყოფელებს ირიბად დაეხმაროს ისე, რომ საკუთარი ჯარი უკრაინაში არ გააგზავნოს.
განხილვის კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს ტერიტორიების დათმობის საკითხი. როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, აღმოსავლეთ უკრაინის რუკა, რომელიც აშშ-ის მიერ იყო მომზადებული და ტრამპის მიერ შესწავლილი, ნათლად აჩვენებს, რომ დონეცკის ოლქი, რომლის დათმობას პუტინი უკრაინას უბრძოლველად სთხოვს, კიევის ერთ-ერთ ძლიერ თავდაცვის ზღუდეს წარმოადგენს. ოლქის 76% რუსეთი უკვე აკონტროლებს.