ფალიაშვილზე მდებარე კაფე-ბარის თანამშრომელმა გიორგი კალაძემ ლაშა თორდიას ქმედების ამსახველი ვიდეო თავისი სურვილით, ზეწოლის გარეშე ატვირთა, – განაცხადა კალაძის ადვოკატმა ცოტნე ცანავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, გიორგი კალაძემ კადრების ატვირთვის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ გაუჩნდა მოქალაქეობრივი პროტესტი, თუ რატომ არ გამოიძიეს 6 თვის წინანდელი ინციდენტი და რატომ იქნა გამოძიებული უსწრაფესად მაღალჩინოსნების დაპირისპირება.
„ჩვენი მოთხოვნა და სურვილია, მოხდეს კალაძის უფლებების დაცვა, სწრაფად და ოპერატიულად იქნას გამოძიებული ინციდენტი და დადგეს სამართლებრივი შედეგი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოაქვეყნა კალაძემ კადრები ამ დრომდე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ თორდიას იდენტიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კადრების გამოქვეყნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს ღამე, მთვრალი პირი არაადეკვატური მოქმედებებით გამოირჩეოდა.
“მოხდა შელაპარაკება ამ დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელთან, ხმის ოპერატორთან და ერთ-ერთმა პირმა მას სთხოვა მუსიკისთვის ხმა მოემატებინა.
ის გაიყვანეს ბარიდან, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ შემოვიდა ბარში იარღით და განახორციელა მუქარა მის მიმართ, ასევე უმისამართოდ ატრიალებდა იარაღს, რამაც გამოიწვია დაძაბული სიტუაცია. მეორე დღესვე მიმართა აღნიშნული ბარის თანამშრომლებმა, მათ შორის გიორგი კალაძემ საგამოძიებო ორგანოებს, მოხდა მათი გამოკითხვა, გამოძიებას გადასცეს ვიდეოჩანაწერი. თუმცა, მას შემდგე რაც ტელევიზიით გავრცელდა კადრები ფარცხალაძე-თორდიას მონაწილეობით, მერე ამოიცნო პირი, რომელმაც მოახდინა იარაღით ხალხის დაშინება. არავითარ კავშირში ეს არ არის ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან და არავითარი შემხებლობა და ინტერესი არ გაგვაჩნია, ეს საქმე როგორ დასრულდება. ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს გიორგი კალაძის უფლებების დაცვა და რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად მოხდეს ფალიაშვილის ბარში მომხდარი ინციდენტის გამოკვლევა“, – განაცხადა ადვოკატმა.