ომის დასრულების ყველა მცდელობის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური, კომბინირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის შეტევა სამოქალაქო და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, მათ შორის, ამერიკული ელექტრონიკის მწარმოებელ კომპანიაზე, რომელსაც თავდაცვასა და სამხედრო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ომის დასრულების ყველა მცდელობის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასობით დრონი, ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ერთ-ერთი რაკეტა ჩვენს დასავლეთ რეგიონში მდებარე მსხვილ ამერიკულ ელექტრონიკის მწარმოებელს დაეცა, რამაც სერიოზული ზიანი და მსხვერპლი გამოიწვია. ეს სრულად სამოქალაქო ობიექტია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თავდაცვასთან ან სამხედრო მოქმედებებთან“, – წერს სიბიგა.
უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებით, ეს არ არის პირველი რუსული თავდასხმა ამერიკულ ბიზნესებზე უკრაინაში, კიევში, Boeing-ის ოფისებზე წელს განხორციელებული თავდასხმების და სხვა მსგავსი თავდასხმების შემდეგ.
„არანაირი სამხედრო ლოგიკა ან აუცილებლობა, მხოლოდ ადამიანების, ბიზნესების და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ ტერორი. სწორედ ამიტომ არის ასე კრიტიკული ომის დასრულებისკენ რუსეთის იძულების მცდელობები და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზადყოფნას, ყველა ღონე იხმაროს მშვიდობის დასამყარებლად. ლიდერების შეხვედრები ორმხრივ უკრაინა-რუსეთის და სამმხრივ უკრაინა – აშშ – რუსეთის ფორმატებში, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დიპლომატიის ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის პარტნიორებისგან, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და ევროპელი მოკავშირეებისგან, უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფაზე მუშაობა. ღამის დარტყმები ასევე აჩვენებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით გაძლიერების აუცილებლობას“, – დასძინა მან.