უკრაინისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი თავად უკრაინაა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
„საწყისი წერტილი ძალიან მარტივია. უკრაინის უსაფრთხოების ნომერ პირველი გარანტორი თავად უკრაინაა. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უდიდესი არმია ჰყავს“, – აღნიშნა სტუბმა.
მისივე თქმით, ევროპა ამას მხარს დაუჭერს და აშშ კოორდინაციას გაუწევს გარკვეულ დახმარებასა და მხარდაჭერას.
„ახლა ჩვენ დეტალებს ვამუშავებთ. გახსოვდეთ, რუსეთი ვერ ეტყვის ევროპას ან შეერთებულ შტატებს, რა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ, გააკეთონ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთი განზრახ აყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელთა მიღებაც შეუძლებელია. სტუბის თქმით, კრემლი „რუსული მოლაპარაკების ტიპურ ტაქტიკას“ იყენებს.
„უკრაინის მიმართ პუტინის მოთხოვნას აშშ-ს თუ შევადარებთ, ეს ცოტათი ჰგავს იმას, რომ აშშ-მა უარი თქვას ფლორიდაზე, ჯორჯიაზე, სამხრეთ კაროლინაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, ვირჯინიაზე, თუნდაც მერილენდზე და შექმნას რაღაც სუპერმაგისტრალი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება ნიუ-იორკზე შეტევა. ასე რომ, ეს თითქმის შეუძლებელია. მან ეს იცის, მაგრამ მაინც ითხოვს“ – განაცხადა სტუბმა.
ამასთან, სტუბმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2014 წლიდან ცდილობს მთელი დონბასის მიტაცებას და ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.
„ის აკონტროლებს დონბასის 75%-ს, მაგრამ ამას 12 წელი დასჭირდა და 50% თავიდანვე იყო მიტაცებული. ამიტომ პროგრესი ძალიან ნელია“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.