უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ ეთანხმება ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს მოსაზრებაში, რომ უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა და აცხადებს, რომ ეს ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს.
ფინეთის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე კიევში განაცხადა, რომ „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება“, რაზედაც ორბანმა უპასუხა: „მე არ ვეთანხმები“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება „ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს“.
“ბატონო პრეზიდენტო, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია; ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს ნამდვილად „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია“ იქნებოდა, მაშინ ფინეთს ნატოში გაწევრიანების არანაირი საჭიროება არ ექნებოდა. ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს – ეს ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს. ჩვენ უფრო გონივრულ მიდგომას ვთავაზობთ.”- დაწერა ორბანმა.