იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აკრიტიკებს მემარცხენე ოპოზიციას ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის სერიოზულობის დაკნინებისა და გამართლების გამო. ამის შესახებ ჯორჯია მელონიმ რომში, პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სიძულვილი და პოლიტიკური ძალადობა მკვეთრად ბრუნდება რეალობაში და ბევრ პრობლემას ამწვავებს. მე იმ პოლიტიკური საზოგადოებიდან ვარ, რომელსაც ხშირად უსამართლოდ ადანაშაულებენ სიძულვილის გავრცელებაში. ადანაშაულებენ იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს დუმან, სერიოზულობას ამცირებენ, ან თუნდაც ამართლებენ, ან ზეიმობენ 31 წლის მამაკაცის წინასწარ დაგეგმილ, განზრახ, ცივსისხლიან მკვლელობას, რომლის ერთადერთი დანაშაული იყო საკუთარი იდეების მამაცურად დაცვა“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო დღეებში მან მრავალი არაჰუმანური კომენტარი წაიკითხა ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ. ერთ-ერთ მაგალითად მან იტალიელი პროფესორის, მათემატიკოს პიერჯორჯიო ოდიფრედის განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, მარტინ ლუთერ კინგის და MAGA-ს მოძრაობის წარმომადგენლის მკვლელობა ერთი და იგივე რამ არ არის.
„ნიშნავს თუ არა ეს, რომ გარკვეული ადამიანების მოკვლა მათი იდეების გამო ლეგიტიმურია? ან რომ ნაკლებად სერიოზულია მათთვის იარაღიდან სროლა, რადგან ჩვენ არ ვიზიარებთ მათ იდეებს? ან რომ გასაგებია მათი მოკვლის სურვილი იდეების გამო? ნიშნავს თუ არა ეს, რომ უფრო მსუბუქი სასჯელი უნდა დავაკისროთ მათ, ვინც მემარჯვენე პოლიტიკოსებს ესვრის და შესაძლებელია, რომ შემამსუბუქებელი ფაქტორად მივიღოთ ის, რომ მათი იდეები მიუღებელია?“ – განაცხადა მელონიმ.
მელონის თქმით, დადგა დრო, იტალიელ მემარცხენეებს პასუხი მოეთოხვოთ იმ ადამიანების მიმართ ძალადობის გამართლებისთვის, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებს.
„კლიმატი აქაც, იტალიაში, არამდგრადი ხდება და დროა, დავგმოთ ეს და ნათლად განვაცხადოთ, რომ ეს არგუმენტები მიუღებელი, საშიში, უპასუხისმგებლოა და ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნებისმიერ ჩანასახს“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.