თეთრი სახლი პოლიტიკური ძალადობისა და სიძულვილის ენის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების მომზადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაამკაცრა ლიბერალური ორგანიზაციების შემოწმება, რაც კონსერვატიული აქტივისტი და დონალდ ტრამპის ერთგული მოკავშირე, ჩარლი კირკი მოკლეს“, – წერს სააგენტო Reuters-ი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა „რესპუბლიკელები“ ლიბერალურ ჯგუფებს სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობის ზრდაში ადანაშაულებენ.
ადმინისტრაციის გეგმის შესახებ დეტალები, რომელიც შესაძლოა ამ კვირის ბოლოს გამოცხადდეს, ჯერ კიდევ განიხილება ტრამპის მთავარი მრჩევლების, მათ შორის თეთრი სახლის უფროსის მოადგილის, სტივენ მილერის მიერ.
როგორც ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, მილერი აქტიურად არის ჩართული კირკის მკვლელობის საპასუხო ღონისძიებებში.
თეთრი სახლი მემარცხენე ორგანიზაციებს არეულობის გაღვივებასა და სამართალდამცველებზე თავდასხმებში ადანაშაულებს. ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ გამოავლენს იმ ჯგუფების ქსელს, რომლებიც, მისივე თქმით, ამერიკულ საზოგადოებაში ძალადობას ახალისებენ.