ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დასავლეთისთვის მომდინარე საფრთხე ზოგჯერ გადაჭარბებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ტელეკომპანია Fox Business-თან ინტერვიუში უიტაკერმა ოპტიმისტური განწყობა გამოთქვა, მიუხედავად ევროპელი და ნატოს ლიდერების განცხადებებისა რუსეთის აგრესიული გეგმების შესახებ.
ელჩის თქმით, რუსეთს „დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია“ და ეს მის სისუსტეზე მიუთითებს.
„ვფიქრობ, რუსეთის საფრთხე ზოგჯერ გადაჭარბებულია. მათ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. უკრაინამ ტერიტორიის დაბრუნება შეძლო და ჩემი აზრით, ეს რუსეთის სისუსტეზე მიუთითებს. მათი ეკონომიკა მერყეობს და ვფიქრობ, მათთვის ომის გაგრძელება რთული იქნება“, – განაცხადა უიტაკერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „გააგრძელებს ბერკეტების ძიებას, რათა ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას და ომის დასრულებაში შუამავალი გახდეს“.