სვეტიცხოველი შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის, ქრისტიანული კულტურის, დედა ეკლესიის წინაშე, რომ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის გაძლიერებაზე, დედა ეკლესიის სიძლიერეზე, ჩვენი ქრისტიანული ღირებულების დაცვასა და შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.
მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს და წმინდა სინოდის წევრებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
”დღეს არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატოთ მადლიერება უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ იმ მრავალწლიანი, ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ დედა ეკლესიისადმი, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. დღეს რომ ასე მრავლად არის შეკრებილი მრევლი სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში, არის, რა თქმა უნდა, ამ ღვაწლის დამსახურება და უდიდესი მადლობა პატრიარქს მისი ღვაწლისა და მოღვაწეობისთვის. ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ ზრუნვაში და ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები საქართველოშიც აქტუალურია.
“დღეს მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა, დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიძულვილით, რომელიც საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი სენი არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, არამედ სხვადასხვა საზოგადოებაში. ყველას მინდა გისურვოთ სიყვარული, რწმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის, როდესაც ჩვენი ერი იყო რწმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა და ასე იქნება მომავალშიც. ვიდრე ჩვენი ერი იქნება ძლიერი რწმენაში, ვიდრე იქნება რწმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო იქნება ძლიერი. ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.