ესტონეთის ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელის, ლინარ ლოორისის განცხადებით, ბალეტის ზოგიერთ მოცეკვავესა და მინიმალურ ხელფასზე მყოფ კულტურის სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც ესტონეთის ეროვნულ ბალეტში მუშაობენ, „ბოლტის“ ტაქსის მძღოლად უწევთ მუშაობა.
ეს განცხადება ლოორისმა ტელეშოუ „რინგვაადაში“ გააკეთა, რომელშიც ის ესტონეთის ეროვნული ოპერის სოლისტთან, იული ლილთან ერთად მონაწილეობდა.
16 ოქტომბერს საოპერო თეატრმა საჯარო მიმართვა გაუგზავნა ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) კულტურის საკითხთა კომიტეტს, რომელშიც ნათქვამია, თუ ამჟამინდელი მიზერული დაფინანსება არ გაიზრდება, ეროვნული ოპერის ფუნქიონირება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება.
„ესტონეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის (ERSO) პოზიციამ, რა თქმა უნდა, გარკვეული იმპულსი მოგვცა, რადგან ორივე შემოქმედებით გუნდში, ფაქტობრივად, ერთნაირი მდგომარეობაა“, – განაცხადა ტელეშოუში ლილმა. ის გულისხმობდა ERSO-მ მთავარი დირიჟორის, ოლარი ელტსის მიერ სექტემბრის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ორკესტრის არსებობის გაგრძელება ამჟამინდელი ხელფასებით შეუძლებელი იყო.
„ეს სიტუაცია დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მწიფდებოდა. ჩვენს ქვეყანაში ფასები საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხალხის საარსებო პირობები ძალიან დამძიმდა“, – აღნიშნა ელტსმა.
ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელის, ლინარ ლოორის თქმით, მთლიან განაკვეთზე მომუშავე ესტონეთის თეატრის თანამშრომლების საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 1,780 ევროს შეადგენს.
„ეს საკმაოდ მწირი თანხა გამოდის, როდესაც ვადარებთ, მაგალითად, თუ რამდენს გამოიმუშავებს კულტურის სამინისტროს თანამშრომელი“, -ამბობს ის და იქვე განმარტავს: „სამინისტროში საშუალო ხელფასი თვეში 3,449 ევროს აღწევს. ასე რომ, ფული ყოველთვის არის; პრობლემა იმაშია, თუ საით არის ის მიმართული და რა პრიორიტეტებს ხმარდება. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ჩვენზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ეროვნულ ბიბლიოთეკაზე, რადგან მათ ასევე დაგვაკისრეს მოვალეობები – ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერის, კულტურისა და ფასეულობების შესანარჩუნებლად“.
ლოორისის განცხადებით, თეატრმა საკუთარი შემოსავლები გაზარდა და ეძებდა სხვა გზებს, რათა თავისი არსებობა შეენარჩუნებინა და თანამშრომლებისთვის ხელფასები გადაეხადა.
„წლებია, ჩვენი ხელფასები დაბალია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფომ ჩვენი იგნორირება მოახდინა, – თქვა მან, – გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მუდმივად სხვაგან იყურებიან და ამბობენ, რომ იქ უკეთესია. ჩვენ გვსურს, მათთვის აქ ღირსეული ხელფასების გადახდა შეგვეძლოს. ჩვენი აუდიტორია იმსახურებს მაღალი დონის ხელოვნებას, რომლის შექმნაც ჩვენს არტისტებს შეუძლიათ. ჩვენ მათი აქ შენარჩუნება უნდა შეგვეძლოს“.
თავის მხრივ, ლილმა დასძინა, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1,845 ევროა, რაც ნიშნავს, რომ „ხელზე“ დაახლოებით 1,500 ევროს იღებს. მისივე თქმით, ოპერის მომღერლებს ასევე უწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ სიმღერის გაკვეთილების საფასურის საკუთარი ჯიბიდან გადახდა, რათა ხმა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნონ.

„ჩვენ გვინდა, საერთაშორისო დონეზე ვიყოთ და არ გვსურს, სამოყვარულო დონეზე ჩამოვქვეითდეთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ესტონეთის სახელმწიფოს წარმოავადგენთ – გვყავს არვო პერტი, გვყვანან ცნობილი მომღერლები. ამიტომ, წინ უნდა ვიაროთ და განვვითარდეთ, რაც საკმაოდ ძვირი საქმეა. რადგან სცენაზე ვდგავართ, პროფესიული იერსახის შენარჩუნებაც ასევე აუცილებელია. თავის გატანა საკმაოდ რთული გახდა. ამიტომ, ამ ჟანრში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, რიგითი ადამიანის ხარჯებზე ცოტა მეტის გაღებაა საჭირო“, – განაგრძო მან.
ლოორისმა დასძინა, რომ ბალეტის მოცეკვავეები ხელზე დაახლოებით 1,300 ევროს იღებენ და სურს, ეს თანხა, მინიმუმ, 1 900 ევრო იყოს.
„ჩვენ სამინისტროს თანამშრომლების საშუალო ხელფასთან დაუყოვნებლივ გათანაბრებას არ ვითხოვთ, რადგან ეს, შესაძლოა, ცოტა უტოპიური ჩანდეს. თუმცა, ამას ვიმსახურებთ – რატომ უნდა მივიჩნეოდეთ ჩვენ, როგორც სახელმწიფო მოხელეები, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებზე ნაკლებად ღირებულებად? რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვითხოვთ, არის დამატებით 1.5 მილიონი ევროს გამოყოფა, რათა სიტუაციის მართვა შეგვეძლოს“.
დამატებითი შემოსავლის მისაღებად, მოცეკვავეებმა და მომღერლებმა სხვა სამსახურებიც იშოვეს. მაგალითად, ლილმა თქვა, რომ თავად შპალერის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც შპალერს ყიდდა და საქონელს ფუთავდა.
„ამ პროფესიას წლების წინ ყოველი შემთხვევისთვის დავეუფლე – არასდროს იცი, როგორ წარიმართება ცხოვრება. გავიარე სტაჟირება და შპალერის მაღზიაში მოგვიანებითაც ვაგრძელებდი მუშაობას დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ვფიქრობდი, რომ, ალბათ, ამ შობას ისევ მომიწევს ამის გაკეთება“, – აღნიშნა მან.
„ზოგიერთი მოცეკვავე, თავის სარჩენად, „ბოლტის“ მძღოლადაც კი მუშაობს“, – დასძინა ლოორისმა.
მოიტანს თუ არა მათი მიმართვა რაიმე შედეგს, ამაზე ლოორისი და ლილი გარკვევით ვერაფერს ამბობენ.
„როდესაც ჩვენს პრეტენზიებს ისმენენ, ესტონელებს, ვინც ჩვენზე ნაკლებს გამოიმუშავებს, გარკვეულწილად ნეგატიური განწყობა ექნებათ: „ეს რას ნიშნავს? ჩვენთან ხომ ყველაფერი რიგზეა? ჩვენთან ხომ ხალხი კარგად ცხოვრობს?“ – ფიქრობენ ისინი. ასე რომ, დიდ მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდები. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ისევ ამ სტუდიაში ვიყოთ და ვთქვათ: „გახსოვთ, როცა ამაზე ვსაუბრობდით?“. ჩვენ ამას მაინც გავაგრძელებთ, რადგან ვფიქრობ, ესტონელებმა უნდა დააფასონ თავიანთი მაღალი კულტურა“, – დაასკვნა ლოორისმა.
ესტონეთის ეროვნული ბალეტის მოცეკვავეთა მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ქვეყნის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.