საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ უმასპინძლა.
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსინგელოსი იერონიმე.
დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) განაცხადა, ამ დღეებში საქართველოში ჩამოსვლით მართლმადიდებელმა ეკლესიებმა თანადგომა გამოიჩინეს.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიომ მიიღო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის არის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა. ეს ურთიერთობა გრძელდება. ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ მსოფლიო პატრიარქის, უწმინდესის, ბართლომეოსის ჩამობრძანებას ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი თანადგომა და გამხნევება. ამ დღეებშიც მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ასეთივე თანადგომა გამოიჩინეს ჩვენი საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან მიმართებით თავიანთ ჩამობრძანებით და ხვალინდელ დღეს, პირველ საზეიმო საპატრიარქო წირვაზე თანამწირველობით კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან ერთად“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
