საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სიტყვით მიმართვისას მინისტრმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„საამაყოა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურე ყოველდღიური დისციპლინითა და უდიდესი პასუხისმგებლობით აგრძელებთ ქვედანაყოფის განვითარებას, სწორედ ისე, როგორც ამას თქვენი ფიცი და ამ ქვედანაყოფის ღირსეული წარსული გავალდებულებთ. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ საკუთარი შრომით, მზადყოფნითა და მტკიცე სულით ემსახურებით სამშობლოს, აძლიერებთ თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. მან მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის ძალებში ქვედანაყოფის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გვირგვინით შეამკეს ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
ღონისძიებაზე სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღვთისა და ერის წინაშე ფიცი დადეს მე-4 ქვეითი ბრიგადის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა. წვევამდელებმა წაიკითხეს ჯარისკაცის მრწამსი. დღეიდან ისინი მე-4 ქვეითი ბრიგადის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულში გააგრძელებენ სამსახურს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირველი გამოშვების ჯარისკაცები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მე-4 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში გადიოდნენ მომზადებას.
ირაკლი ჩიქოვანი სამხედროებსა და მათი ოჯახების წევრებს გაესაუბრა. მათ დადებითად შეაფასეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები და მომზადების მაღალი დონე.
ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტი გაიმართა, შვილებისთვის – გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.