ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს გენერალ-მაიორ არიფ ჰასანი ჰასანოვს და თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორს, ერჰან აფიონჯუს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგ თითოეული ქვეყნის სამხედრო სასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაცია არსებული სამხედრო და აკადემიური პროგრამების, სწავლებების და საერთაშორისო აქტივობების შესახებ, ასევე განხილულ იქნა აღნიშნულ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და მიმართულებები.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და მუზეუმი დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ კადეტთა სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებშიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო სასწავლებლების იუნკერები და კადეტები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამმხრივი ფორმატის შეხვედრა კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანასთან სამხედრო განათლების სფეროში პარტნიორულ კავშირებს. აკადემიისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი თანამშრომლობის ფორმატებში სამუშაო შეხვედრების გამართვა უცხოური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.











