დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სწავლას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ.
საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკრების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკადემიის სტუდენტები სამხედრო საქმის გარდა, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლიდერობას შეისწავლიან. დასასრულს, მათ იუნკრებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ ფიცის დადების შემდეგ იუნკრები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი, წარჩინებული იუნკრები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
იუნკრები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
