უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელი თავდასხმებში დაადანაშაულა. ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიუსელს უნგრეთში მორჩილი მთავრობა სჭირდება, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი მას კიევის ფინანსურ დახმარებაზე მისი პოზიციის გამო ებრძვის, რადგან, უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად თანხის გაღებას ეწინააღმდეგება.
„უკრაინას ომის გასაგრძელებლად მომდევნო ოთხ წელიწადში 400 მილიარდი დოლარი დასჭირდება. იარაღი, აღმშენებლობა, პენსიები, ხელფასები და ა.შ. უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ამას ევროპა გადაიხდის. არავინ არის მზად ამ ხარჯის გასაღებად. სწორედ ამიტომ ღელავს ბრიუსელი. უკრაინის დაფინანსება უნგრეთის საქმე არ არის. ამ მხრივ ევროპაში მარტო არ ვართ. თუმცა ჩვენ ყველაზე ღიად ვსაუბრობთ. ამიტომაც განაგრძობს ბრიუსელი ჩვენზე თავდასხმას. მათ სურთ მთავრობა, რომელიც ყველაფერზე დათანხმდება, ევროპული პროკურატურით, შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკით, ბრიუსელის მიერ დამტკიცებული ექსპერტებით და პრემიერ-მინისტრით, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებენ“, – წერს ორბანი.
