საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
