პენტაგონის დამოუკიდებელმა მაკონტროლებელმა ორგანომ დაადგინა, რომ პიტ ჰეგსეტმა „სიგნალის“ ჩატის გამოყენებით საფრთხე შეუქმნა აშშ-ის სამხედრო პერსონალს, – ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
კერძოდ, ანონიმური წყაროს ცნობით, ჰეგსეტმა „სიგნალის“ ჩატის მეშვეობით გაავრცელა კლასიფიცირებული ინფორმაცია „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმის შესახებ.
ჰეგსეტმა ორ სხვადასხვა ჩატში გაუზიარა საბრძოლო თვითმფრინავების აფრენისა და ბომბების ჩამოგდების ზუსტი დრო, პილოტების ჰაერში ასვლამდე. პირველ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი და სხვა მაღალჩინოსნები. მეორე ჩატში, რომელშიც 13 ადამიანი იყო, იყვნენ ჰეგსეტის ცოლი და ძმა.
წყაროს თქმით, ჰეგსეტმა პენტაგონის დამოუკიდებელ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინა წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მას ამ ინფორმაციის გაზიარების უფლება ჰქონდა და მხოლოდ ის დეტალები გაამჟღავნა, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს არ შეუქმნიდა მისიას.
როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, რამდენიმე მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ასეთი სპეციფიკის დეტალების, განსაკუთრებით დარტყმამდე, გაზიარება ნებადართული ყოფილიყო.
ამასთან, პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია არ გაზიარებულა, თუმცა, დემოკრატმა კანონმდებლებმა და რამდენიმე რესპუბლიკელმაც განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელებამ პოტენციურად საფრთხე შეუქმნა პილოტების სიცოცხლეს. მათივე თქმით, ასეთი გაუფრთხილებლობისთვის დაბალი რანგის სამხედრო პირები თანამდებობიდან გათავისუფლდებოდნენ.
