საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის სხდომის მომდევნო ორი კვირის განრიგთან დაკავშირებით ისაუბრა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში რიგგარეშე სხდომები გაიმართება.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 19 დეკემბერს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება.
„რაც შეეხება მიმდინარე კვირას, ბოლო სასესიო კვირაა, პლენარული სხდომების კვირა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე, თუმცა უკვე დაანონსებულია, რომ მომავალ კვირას გვექნება რიგგარეშე სხდომები. ვვარაუდობ, რომ იქნება 16-17 დეკემბერი, სამშაბათს და ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომები დაგვჭირდება. ამიტომ გთხოვთ, აქედანვე მომზადებული იყოთ. რაც შეეხება მიმდინარე კვირას, კიდევ გვაჩვენებს განსახილველი კანონპროექტები, თუმცა დაახლოებით როგორც ვანგარიშობთ, დაგვჭირდება სავარაუდოდ ორი დღე, სამშაბათი-ოთხშაბათი პლენარული სხდომებისთვის. ხუთშაბათი-პარასკევი სავარაუდოდ საჭირო აღარ იქნება.
მომავალ კვირაში იქნება რიგგარეშე სხდომები და არა რიგგარეშე სესია, ვინაიდან სესია იხურება 19 დეკემბერს. 19 დეკემბერს ვინაიდან არასასესიო კვირაა, ჩვენ გვექნება ბიუროს სხდომა და ბიუროზე დავხურავთ საშემოდგომო სესიას. გთხოვთ, ბიუროს წევრებმა გაითვალისწინოთ, რომ მომდევნო ორი კვირის განრიგი დაახლოებით ასე იქნება – ხვალ და ზეგ, სამშაბათი-ოთხშაბათი პლენარული სხდომები, ბიუროს სხდომებიც გვექნება, ვინაიდან დაჩქარებული პროექტები არის. მომავალ კვირას, ორშაბათს ბიუროს სხდომა, სამშაბათს და ოთხშაბათს, 16-17 დეკემბერს სავარაუდოდ იქნება რიგგარეშე სხდომები. 19 დეკემბერს, პარასკევს გვექნება ბიუროს სხდომა, რომელზეც საშემოდგომო სესიას დავხურავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
