საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიტანეთის ელჩის განცხადება შეაფასა. პაპუაშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩი დეზინფორმაციას ავრცელებს.
„საგანგაშოა როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგადაა საგანგაშო, როდესაც ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით და ამით სტუდენტების ტვინის გამორეცხვა ხდება. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით?! ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. ის პირდაპირ ავრცელებს ტყუილსა და დეზინფორმაციას.
სადაც თავად ელჩი არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი“, საჯარო ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს. ეს უფრო აღვივებს საზოგადოების კითხვებს, თუ ვინ დგას „ბიბისის“ სიუჟეტის უკან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტუორდმა სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიააღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია , რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
