საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიან თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ასევე ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერას და მშვიდობის მშენებლობას.
„გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე, თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებზე და საქართველოს მთავრობის ხედვაზე, რომელიც სიღარიბის შემცირებას და საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.
„საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საფუძველია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გაეროსთან გაფორმებული 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტის მიმართულებების შესაბამისობას საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებთან და გაეროს გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისი თქმით, ჩარჩო-დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და მეტი დეცენტრალიზაცია, ასევე, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო.
საქართველოს მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა. მისი შეფასებით, საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს სიღარიბის შემცირების მიმართულებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და გაეროს გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




















