გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო წარმატების ისტორიას წარმოადგენს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მდგრადი მშვიდობის მკაფიო ხედვით; ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გლობალური საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმის თემა ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
“დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული – შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არ მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩვენი ქვეყნის მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგიას: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკისთვის.
საქართველომ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია. 2021-2024 წლებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი – საშუალოდ 9.8% – დააფიქსირა მსოფლიოში! ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ დოლარში გაორმაგდა და მეტადაც გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რასაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს როლს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაში.
“დადებითი ეკონომიკური იმპულსის გათვალისწინებით, საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების – ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის – გასაძლიერებლად. მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით. ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში. წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი.
საქართველო კვლავაც სრულად ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი, რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და ხანგრძლივ პროგრესად გარდაიქმნას. გვჯერა, რომ მდგრადი მომავალი მოითხოვს როგორც დიალოგს, ისევე ქმედებას და რომ ჩვენი საერთო მიზნები ერთობლივ ძალისხმევას ეფუძნება. ერთად ჩვენ შეგვიძლია მეტად უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი მომავლის შექმნა მომავალი თაობებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გახსნა.












