ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის სინაგოგაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო. ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის სინაგოგაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.



















