ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით არსებითად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება, იმ სერვისებით და დახმარების სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც სახელმწიფო უწევს საქართველოს მოქალაქეებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, ბიუჯეტი შედგენილია მოსახლეობის საჭიროებებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს.
„ის ფაქტობრივად, თანაბრად მოიცავს ყველა მიმართულებას – ჯანდაცვის, განათლების, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მათ შორის იმისთვის, რომ უკეთესი სერვისები შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას, ეს მოიცავს, როგორც ახალი გზების და მაგისტრალების მშენებლობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს წყლის სისტემების მიმართულებით. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით არსებითად იზრდება საბიუჯეტი ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება, იმ სერვისებით და დახმარების სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც სახელმწიფო უწევს საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მომავალ წელს ეკონომიკის ზომა 114 მლრდ ლარს გადააჭარბებს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 11 300 აშშ დოლარს შეადგენს.
„როგორც ბიუჯეტის, ასევე ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა. შესაბამისად, ამ მონაცემებით, საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკის სტატუსს. მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია შედარებით კონსერვატიულად – 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში – 5,3%-ის ოდენობით, რაც გამორჩეულია ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი აქვს, თუმცა, მომდევნო წელს ბიუჯეტი იზრდება ყველა მიმართულებით.
„ძირითად მიმართულებად მაინც რჩება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, სადაც სოციალური მიმართულების ნაწილში ყველაზე დიდი ხარჯი ბიუჯეტისთვის არის საპენსიო უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებები.
მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა, რომელიც შეადგენს 10%-ს საჯარო სამსახურისთვის, ეს მოიცავს როგორც პოლიციელების, ასევე ჯარისკაცების ხელფასებს, ასევე სრულად საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასებს, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, სადაც უფრო მეტად გაიზრდება ხელფასები. ეს არის განათლების სექტორში, კერძოდ სკოლებში ადმინისტრაციული პერსონალის, ექიმების, მანდატურების ხელფასების ზრდა შეადგენს 20%-ს. პენსიები გაიზრდება მომდევნო წელს 70 წლამდე ასაკის პირთათვის 20 ლარით, ხოლო 70 წელზე მეტი ასაკის პირთათვის 45 ლარით”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
