ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები მარი ცუცქირიძე და ქეთევან უტიაშვილი განცხადებას ავრცელებენ.
„გაცნობებთ, რომ 2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ. სარჩელი ეხებოდა ალექსანდრე ჭიკაიძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ასევე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები მისი თითქოსდა კავშირების შესახებ ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან ფაქტობრივად მცდარი და ცილისმწამებლური იყო, რის საფუძველზეც ტელეკომპანია „ტვ პირველს“და ჟურნალისტ სოფო ნიაურს დაევალა:
შპს „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „პირველებში“ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა;
ალექსანდრე ჭიკაიძისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტს მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სიზუსტისა და პიროვნული რეპუტაციის დაცვის თვალსაზრისით. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მედიის თავისუფლება არ გულისხმობს ფაქტების დამახინჯებას და სიზუსტის იგნორირებას, ხოლო ცრუ ცნობების გავრცელება იწვევს კანონიერ პასუხისმგებლობას, რაც განსაზღვრულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტს, იმ თვალსაზრისითაც, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ ტელეკომპანიას, არამედ კონკრეტულ ჟურნალისტსაც, რაც ხაზს უსვამს პერსონალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას მედიის პროფესიულ საქმიანობაში.
აღვნიშნავთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ალექსანდრე ჭიკაიძის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ყველა შესაბამის ინსტანციაში“.
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
16.12.2025 22:46:04
კომენტარები
ნანახია: 24 ჯერ
